23 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
350 ათასი ლარი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარემონტო სამუშაოებისთვის - კომპანია "ყვარელრემმშენი" შესყიდვების სამსახურის "შავ სიაშია"

მეტროსადგურის „ვარკეთილის“ ბედი შესაძლოა, კიდევ ათამდე სადგურმა გაიზიაროს - ამ სკანდალურ განცხადებას „კურიერთან“ სპეციალისტები აკეთებენ და ამტკიცებენ, რომ რემონტი მეტროში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობდა.

თბილისის მერიამ 2017 წლის ზაფხულში 350 ათასი ლარი სარემონტო სამუშაოებისთვის კომპანია "ყვარელრემმშენს" გადაუხადა, მონტაჟის შემდეგ კი კონსტრუქცია შეამოწმა და ჩაიბარა.

ექსპერტიზა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ 2 საექსპერტო კომპანიას დაუკვეთა. ორივე კომპანიის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ სარემონტო სამუშაოებისა და მასალის ხარისხი არ შეუმოწმებიათ, რადგან ასეთი დავალება მათ არც არავინ მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ დღეს დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის სექტემბრიდან აღნიშნული კომპანია „შავ სიაში“ იყო.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ „ყვარელრემშენის“ ხელმძღვანელს მწვანე შუქი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის დახმარებით აუნთეს, რადგან კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი ჯოხარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათიკაშვილის ბავშვობის მეგობარია.

კომპანია „ყვარელრემმშენს“ სულ 28 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" კი კომპანია სოფელ ჩანტლისყურის საჯაროს სკოლაში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოხვდა და ამისთვის ჯარიმის გადახდაც მოუწია.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიგეგმა და განხორციელდა, ახლა კი, დავით ნარმანია სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს სატრანსპორტო კომპანიისკენ იშვერს.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ კომპანიის სხვა ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხიც შემოწმდება.

„ყვარელრემმშენი“ 2016 წელს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ გარდა მონაწილეობდა, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერშიც, თუმცა, მერიამ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები