20 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
102 შემთხვევა მხოლოდ იანვარში - სპეციალისტები საქართველოში წითელას ეპიდემიაზე საუბრობენ

ეპიდემიოლოგები საქართველოში წითელას ეპიდემიაზე საუბრობენ. ამჟამად ვითარება კრიტიკულია აჭარაში, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დაავადება მთელ ქვეყანაში გავრცელდეს.

ქვეყნის მასშტაბით მარტო იანვრის თვეში ამ დაავადების 102 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან აჭარაში 86, მათ შორის ბათუმში 52. დაავადებულთა უმეტესობა არ იყო აცრილი.

წითელას ვირუსით დაავადების შემთხვევები სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და თბილისშიც გამოვლინდა. დედაქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში იანვრის თვეში უკვე 8 პაციენტი მოათავსეს, მაშინ როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში კლინიკაში მხოლოდ 7 ადამიანს უმკურნალეს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაავადებულთა უმეტესობა 15 წელზე უფროსია. 23 შემთხვევა კი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებშია. სპეციალისტები დინამიკის ზრდაზე საუბრობენ. 

წითელათი დაავადებულებს ცხელება, სპეციფიური გამონაყარი და ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

მწვავე ვირუსული და გადამდები დაავადების, წითელას შესაჩერებლად, სპეციალისტები საბავშვო ბაღების, სკოლებისა და ყველა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, ბავშვები და დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირები აუცილებლად აცრან.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

დღის ამბები