03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
"ქალები დაბლა ეყარნენ და ისე გამოჰყავდათ," - ინციდენტი პაატა ბურჭულაძის საღამოზე

მცირე ინციდენტებით დაიწყო სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი. სპორტის სასახლეში მისული მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. სასახლის შესასვლელში ჭყლეტის გამო, საღამო 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

„ნასიამოვნები ვართ, მაგრამ კონცერტის ორგანიზაცია იყო ძალიან დაბალ დონეზე. სამარცხვინო, ისეთი ჭყლეტა იყო, ერთი კარი გაღებული, ქალები დაბლა ეყარნენ და ძლივს გამოჰყავდათ ისინი. ყველა აღშფოთებულია,” - განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ინციდენტის მომსწრე გახდა.

დარბაზიდან გამოსული მაყურებლები იმასაც ამბობდნენ, რომ მათი ბილეთები ორჯერ იყო გაყიდული და დარბაზში დაჯდომა ვერ მოახერხეს.

„ორგანიზება ამ კონცერტის იყო სასწაულად უვარგისი. 120 ლარი მივეცი ორ ბილეთში და ერთსა და იმავე ადგილებზე ბილეთი ორჯერ იყო გაყიდულო. მთელი კონცერტი ფეხზე ვიდექი. სულიერადაც დავიტანჯე და ფიზიკურადაც განადგურებული გამოვედი,” - განაცხადა ერთ-ერთმა უკმაყოფილო მაყურებელმა.

მომხდარი ინციდენტის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა "არტ პალასის" პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ. მისი თქმით, კონცერტის ორგანიზებაში პრობლემა არ ყოფილა.

"უკმაყოფილო მსმენელს, ათგზის კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ არაორგანიზებულობა ნამდვილად არ იყო, არ იყო ჩვენგან გამომდინარე მიზეზები. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ შეგნებული საზოგადოებაა და ანალიზს გააკეთებს, რის გამო მოხდა შეფერხება დარბაზში შესვლისას," - განაცხადა ანდღულაძემ.

დღის ამბები