„მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო,“ - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძის საპასუხოდ გააკეთა. იუსტიციის საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული გასაუბრება ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
კანდიდატების ნაწილმა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საბჭოს წევრთან გასაუბრება არ ისურვა და ანა დოლიძის აცილება მოითხოვა. საბჭოში მიმდინარე პროცესებს თავად ანა დოლიძემ სპექტაკლი უწოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ანა დოლიძეს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
„არ ვიცი, თვითონ არის ამ მმართველობის სისტემას მიჩვეული თუ ასე წარმოუდგენია ზოგადად, მოღვაწეობა საჯარო სამსახურში, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, არ ვიცი, მე ვერ გეტყვით. მიიჩნევს, რომ ვიღაც „დონი“ მართავს ამ პროცესებს. მაშინ შევახსენებ, ეს ცოტა ურთიერთგამომრიცხავია, ფაქტებს თუ შევაფასებთ, იქ არა ერთი სისხლის თუ ადმინისტრაციულის მოსამართლე გამოვიდა გასაუბრებაზე, რომელმაც მისი აცილება არ დააყენა,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე სახის გარემოება, რის გამოც არ უნდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ანა დოლიძის პროცესში მონაწილეობა.
იუსტიციის საბჭოში უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან 3-დღიანი გასაუბრება დასრულებულია.