20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
დაპირისპირება და ბრალდებები იუსტიციის საბჭოში გრძელდება - ანა დოლიძე მისი აცილების მოთხოვნას კონსპირაციად მოიხსენიებს

დაპირისპირება და ბრალდებები იუსტიციის საბჭოში გრძელდება - უვადო მოსამართლეობის 7 მსურველიდან დღეს 3-მა პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საბჭოს წევრთან გასაუბრება არ ისურვა.

მათ ანა დოლიძის აცილება მოითხოვეს და ამით სავარაუდოდ, აიცილეს გასაუბრებაზე უხერხული შეკითხვები.

თავად ანა დოლიძე კი საბჭოში მიმდინარე გასაუბრებას წინასწარ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე აცხადებს, რომ აცილების მოთხოვნის მიზეზი ანა დოლიძის მიერ გასაუბრებამდე გამოთქმული განცხადებებია, სადაც მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებაში.

„ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ამ განცხადებებს,“ - განაცხადა შოთა სირაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ბონდარენკო აღნიშნავს, რომ საბჭოში კრიტიკული აზრი მისაღებია. თუმცა, ბონდარენკო აღნიშნავს, რომ ანა დოლიძის განცხადებები პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით არის გაკეთებული.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე ბონდარენკოს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ირაკლი ბონდარენკოს მიერ მისი აცილების მოთხოვნა არის კონსპირაცია.
„ეს აცილება არის გამომააშკარავებელი იმის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კონსპირაცია და სადამსჯელო ღონისძიება საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ჩემ მიმართ, ვინაიდან, მე გავაკეთე მათთვის ცოტა უფრო ზედმეტი გამბედავი განცხადებები იმის მიმართ, რომ სისტემა ავად არის და დღესაც კონტროლდება ძველი მეთოდებითა და ძველი ბერკეტებით,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები