09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
პოროშენკოს განცხადება სააკაშვილზე - რას ამბობს უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის დანიშვნაზე

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

პოროშენკოს კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის  ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

"მიხეილ სააკაშვილი რეფორმირების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. რეფორმირების საერთაშორისო საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომლის მთავარი ამოცანაა, უკრაინაში განსახორციელებელი რეფორმებისთვის შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. საბჭო უკრაინის კანონმდებლობის რეფორმირებისთვის გამოიყენებს უცხოელ ექსპერტებს და გაზრდის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერას," - ამბობს პოროშენკო. 

ამასთან, ის ამ განცხადებაში ქართულ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს. 

"გზა, რომელიც ჩვენ ღირსების რევოლუციით ავირჩიეთ გასულ წელს, უკვე დასრულებულია და დამოწმებული ჩვენი მეზობლების მიერ. ისინი მზად არიან, თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ. ბოლო დრომდე მიხეილი, ფაქტობრივად, იყო ჩვენი უანგარო კონსულტანტი უკრაინის რეფორმების საკითხში. ახლა, საბოლოოდ, იგი იღებს ოფიციალურ სტატუსს.

 "მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი უკრაინაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, მიხეილი ჩამოაყალიბებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინას და მსოფლიოს შორის რეფორმების საკითხზე. იგი გამოიყენებს საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას და ღირსეულად წარმოგვადგენს ჩვენ საზღვარგარეთ," -  აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, დღეს გვიან ღამით ხელი მოაწერა ბრძანებულებას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ.

ბრძანებულებაში, რომლის ნომერია 78/2015 ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს უხელმძღვანელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სააკაშვილი რჩევებს მისცემს პრეზიდენტს რეფორმების გატარების საკითხში და ამასთან, მისი რჩევებით მოხდება პრეზიდენტის რეფორმების პაკეტის შემუშავება, რომელსაც პრეზიდენტი უკრაინის რადას დასამტკიცებლად წარუდგენს.

პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნებიდან 3 დღეში შევა ძალაში.     

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები