03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
“პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია,” - ივანიშვილი ვაზაგაშვილის საქმეზე

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებისთვის პროკურატურას ოპერატიულობას უწონებს. ამის შესახებ ივანიშვილმა „კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ საქმეებთან დაკავშირებით სულ სხვა აქცენტებს აკეთებს იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს.

"კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს,” - განაცხადა ივანიშვილმა. 


ბიძინა ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილი პროკურატურაში არსებულ ვითარებაზე საქმის კურსში იყო და კმაყოფილიც იყო უწყების მუშაობით, ენდობოდა მას და გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენითა და ფაქტობრივად, გამოძიების დასრულებით.

ივანიშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე პოლიციელის დაკავებასაც აფასებს.

„შემაშფოთებელია, რომ დააკავეს მოქმედი პოლიციელი და არის იმის ალბათობა, კიდევ იყვნენ დარჩენილი ძველებურად აღზრდილი პოლიციელები. ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, რომელმაც პოლიცია დამსჯელ რაზმებად გადააქცია და თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა. ერთი რამეცაა  - არ შეიძლება, ვინც „ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიციაში მუშაობდა, ყველაზე უარი ვთქვათ. მათ შორის ბევრი პატიოსანი ადამიანია. თუმცა ხელისუფლებამ მაქსიმალური ალღო უნდა გამოავლინოს, გამოამჟღავნოს და დაითხოვოს პოლიციიდან ის პირები, ვინც იქ არ უნდა მუშაობდნენ,” - განაცხადა ივანიშვილმა. 
მისივე თქმით, საუბედუროდ, მამის მკვლელობა დაემთხვა პროკურატურის წარმატებულ მუშაობას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები