პარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ და არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. კანონმდებლებმა პროექტი 106 ხმით დაამტკიცეს.
„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია, იგივე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარადგინოს.
რეზოლუციის შინაარსი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა.
„ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. ჩვენი ისტორიული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა.
რეზოლუციით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ, რუსეთის ფედერაციისგან ხელი არ შეუშალოს გამოძიებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ასევე ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ. შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. შეაჩეროს ოკუპაცია.
კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებებში, უზრუნველყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა.
რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის დამტკიცებას, რომელშიც შეყვანილი იქნებიან საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირები"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.