09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
მშვიდობა რუსულად

სეპარატისტების ორდღიანი ინტენსიური შეტევის შემდეგ დებალცევო უკრაინულმა ქვედანაყოფებმა დატოვეს.

სამთავრობო ძალებმა პოზიციები დათმეს და მინსკის შეთანხმების თანახმად, ქალაქიდან მძიმე ტექნიკაც გაიყვანეს. თუმცა მათი კოლონა დებალცევოს შემოგარენში კიდევ ერთხელ გახდა პრორუსი მებრძოლების სამიზნე. შემთხვევის ადგილიდან ჯარისკაცები "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა გაიყვანეს.

დაჭრილ სამხედროებს არტემოვსკის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ჩასვლას ელოდებიან.

პეტრო პოროშენკომ დონბასში გამგზავრებამდე რუსეთი მინსკის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.

საერთაშორისო საზოგადოება დებალცევოს მოვლენებში რუსეთს ღიად ადანაშაულებს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დღეს ისიც კი განაცხადა, რომ ქალაქზე შეტევისას სეპარატისტები უახლოეს სამხედრო ტექნიკას იყენებდნენ.

მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოშიც. რიგგარეშე სხდომაზე რეზოლუციაც მიიღეს, რომელიც მხარეებს მინსკის შეთანხმების დაცვას ავალდებულებს.

დებალცევოს დიდ ნაწილს სეპარატისტები აკონტროლებენ. პრორუს მეთაურებთან ერთად ქალაქში რუსეთის სახმელეთო ძალების გენერალი ალექსანდრე ლენცოვიც იმყოფებოდა.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი არ გაჩერდება და დებალცევოს შემდეგ მათი სამიზნე არტემოვსკი სჩასტიე და მარიუპოლი გახდება. დასავლეთში კი ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება რუსეთს უფრო ძვირად დაუჯდება.

დღის ამბები