27 იანვარი 2023,   15:23
ვრცლად
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, პაპუნა უგრეხელიძეს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

სექსუალური შევიწროვების ფაქტები სახელმწიფო უწყებაში - კურიერის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე, თანამშრომლებს სექსუალურად სისტემურად ავიწროებს და ერთ-ერთ მათგანს ცემით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სკანდალური საქმის ფიგურანტი, რომელსაც ეკრანზე ღიად გამოჩენა არ უნდა, აცხადებს, რომ პაპუნა უგრეხელიძე მასზე მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ძალადობდა და ამას, თითქმის, ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის სექსუალური შევიწროვების ფაქტი ომბუდსმენმა გამოიძია. დასკვნას თან ერთვის მტკიცებულებებიც, მათ შორისაა sms შეტყობინებების ნაწილი, რომელსაც პაპუნა უგრეხელიძე მისი თანამშრომელს უგზავნიდა.

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნის მიერ თანამშრომლის სექსუალური შევიწროვების საქმეზე მოკვლევა 2017 წელის 3 მაისს დაასრულა.

მსხვერპლი ყვება, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, იუსტიციის მინისტრი და არაერთი დეპუტატი. მათ ნაწილს მსხვერპლმა ინფორმაცია პირადად, ნაწილს კი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდა.

რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ თეა წულუკიანი მას უჩა ნანუაშვილთან ჩივილის გამო გაუნაწყენდა და სახალხო დამცველის მძიმე დასკვნის მიუხედავად, უგრეხელიძეს ხელი დააფარა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში რეესტრის ყოფილი თანამშრომლის საქმეს დეტალურად იცნობენ და სამართლებრივ დახმარებას უწევენ სხვა არაერთ პირს, რომლებმაც პაპუნა უგრეხელიძეს უჩივლეს და სამართლებრივი დავა ახლა სასამართლოში გრძელდება.

დღის ამბები