საქართველოსა და იაპონიის წარმატებამ რაგბის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრებში მსოფლიო რაგბის მმართველები ალტერნატიულ ტურნირის შექმნაზე დააფიქრა, რომელშიც ე.წ. მეორე ეშელონის ნაკრებები ითამაშებენ, მათ შორის საქართველო, იაპონია, კანადა.
„საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა და ეს პირველ რიგში თამაშსა და დისციპლინაში აისახა. ბუნებრივია საქართველოს, რუმინეთს, იაპონიას და კანადას უჩნდება ამბიციები ითამაშონ უფრო მაღალი დონის ტურნირებზე და ამისთვის მუშაობა უკვე დავიწყეთ”, - განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ კურიერთან საუბარში.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გია ნიჟარაძე კი არგენტინასთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს.
„არგენტინა ჩვენზე კარგი გუნდია, მაგრამ ტონგაც ჩვენზე კარგი გუნდი იყო და როგორც დასრულდა შეხვედრა ყველამ ვნახეთ. ბიჭებს სჭირდება საქართველოდან პოზიტიური იმპულსები და მერწმუნეთ, რომ ისინი თავისს საქმეს გააკეთებენ“, - განაცხადა ნიჟარაძემ.
საქართველო არგენტინის სარაგბო დაპირისპირება 25 სექტემბერს გაიმართება.
ფოტო: site.rugby.ge