ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მეათე დღეს წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სუმოისტებმა.
დასავლეთის მეცხრე მაეგაშირამ, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) დასავლეთის მეთოთხმეტე მაეგაშირა, იაპონელი ტოიოჰიბიკი დაამარცხა და თანაბარ ბალანსზე გავიდა - მის ანგარიშზე 5 მოგება და 5 მარცხია.
ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, გამარჯვება მოიპოვა დასავლეთის კომუსუბმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), მან აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა, მონღოლი იჩინოჯო დაამარცხა და 7 მარცხის ფონზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.
მომდევნო შეხვედრას გაგამარუ აღმოსავლეთის მეთექვსმეტე მაეგაშირა კაგაიაკისთან გამართავს, ხოლო ტოჩინოშინი დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა კოტოიუკის დაუპირისპირდება.
* სუმოში უმაღლესი წოდებაა იოკუძუნა, შემდეგ არის ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი და ბოლოს რიგითი მაეგაშირები.
* ტოჩინოშინი დასავლეთის კომუსუბის ტიტულს ატარებს, ხოლო გაგამარუ დასავლეთის მეცხრე მაეგაშირაა.