BBC-იმ იპოვნა ბიჭი, რომელსაც პოლიეთილენის პარკისგან გაკეთებული ლიონელ მესის მაისური ეცვა. ბავშვის სურათები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მისი ვინაობის დადგენით ლიონელ მესიც კი იყო დაინტერესებული.
თავიდან მესის გულშემატკივარი ბიჭი ერაყში მცხოვრები ქურთი ეგონათ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფოტოზე ასახული მოზარდი 5 წლის მურთაზა აჰმადია და ის ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.
BBC ბავშვის მამას, არიფ აჰმაზიას, გაესაუბრა.
"პატარა ბავშვს მართლაც უყვარს მესი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ჩვენ საშუალება არ გვქონდა, მისთვის მესის ნამდვილი მაისური გვეყიდა და ამიტომაც ის პოლიეთილენის პარკისგან გავაკეთეთ. მურთაზას უფროსმა ძმამ კი ფოტო Facebook-ზე ატვირთა და ასე გახდა ჩემი შვილი საქვეყნოდ ცნობილი,"- ამბობს ბავშვის მამა.
გამოცემის ცნობით, ლიონელ მესი აქტიურად იყო დაინტერესებული ბიჭის ბედით და საჩუქრად მაისურს პირადად გადასცემს.