16 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ინციდენტი მატჩის შემდეგ - დინამოს ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

თბილისის დინამოსა და ზაგრების დინამოს მატჩის დასრულების (0:1) შემდეგ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გუნდის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელები ტრადიციულად ფანკლუბის სექტორთან მივიდნენ, სადაც შელაპარაკება მოხდა.

სოციალურ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ ფან-კლუბმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სხვადასხვა გვერდზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩვენსა და "დინამოს" ფეხბურთელებს შორის მოხდა შელაპარაკება. ამ ვიდეოებზე კომენტარები კი ყოველგვარ რეალობას სცილდება და მარაზმში გადადის. "დინამო ზაგრებთან" წაგება არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ პირველ მატჩში, ზაგრებში, "ელიტის" ორი წევრი იყო ჩასული. ბიჭებმა საზაფხულო დანაზოგები დახარჯეს, ბოლო თეთრები გაიმეტეს და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად ძალიან გრძელი გზა გაიარეს. მატჩის შემდეგ კი სტუმართა სექტორზე, სადაც "ელიტის" წევრები იდგნენ ბანერებით, ჭანტურიშვილის გარდა, არავინ მივიდა. იგივე სიტუაცია მეორდებოდა დღეს "დინამოს" სტადიონზეც. 3-4 კაცი მოვიდა ჩვენს სექტორთან ახლოს. დანარჩენები კი გასახდელში გარბოდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მოსულიყო სექტორთან. მათი მოსვლის შემდეგ კი მარტივად ავუხსენით ზაგრებში მომხდარი სიტუაცია. ჭანტურიშვილმა ჩვენი პატივისცემის ნიშნად ერთ-ერთი ფირმის მაისური მიიღო საჩუქრად. "თქვენ არ ხართ დინამო" კი მხოლოდ ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა იწყინა და ჩვენ ამას ვაფასებთ. იმედია, შეცდომას გამოასწორებენ და "დინამოს" პრესტიჟს დაიცავენ," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დინამო თბილისი ხორვატიულ კლუბთან ორი მატჩის ჯამში 3:0 დამარაცხდა და ასპარეზობას ევროპის ლიგის ფლეი-ოფში გააგრძელებს.

დღის ამბები