საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
რიგით 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მიიღეს - საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.
რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ. ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოიგო. ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და ძალოსანი ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.