გთავაზობთ, წარმატებული მწვრთნელების ჩამონათვალს, რომლებმაც აქტიური სამწვრთნელო კარიერა დაასრულეს და ფეხბურთს ძალიან დააკლდებიან.
ლუი ვანგაალი
65 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას წერტილს უსვამს.
"მე შემეძლო ჩინეთში სამუშაოდ წასვლა, მაგრამ არ წავედი. მე ისევ ჩემს ოჯახში ვარ, სადაც ძალიან ბევრი რამ მოხდა. არ ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო საქმეს დავუბრუნდები," - თქვა ვან გაალმა.
ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ ვან გაალის ქალიშვილმა ქმარი დაკარგა და ვეტერან მწვრთნელს განზრახული აქვს, უფრო მეტი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად. აიაქსი, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერი, ალკმაარი - ამ გუნდებთან ერთად ვან გაალმა არაერთი ტიტული მოიგო. თუმცა, ვან გაალმა მეორე დღეს ცოტა დამაბნეველი განცხადება გააკეთა და მომავალში მწვრთნელობა არ გამორიცხა.
გამორჩეული ტიტულები - ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერთასი, ლა ლიგა, ჰოლანდიის ჩემპიონატი, ბუნდესლიგა, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი.
ვისენტე დელ ბოსკე
66 წლის სპეციალისტი ისვენებს ესპანეთის ნაკრებში გაწეული დიდი სამუშაოს შემდეგ. ფურია როხაში მან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.
"ზუსტად ვიცი, რომ აღარასოდეს ჩავჯდები სამწვრთნელო სავარძელში, მაგრამ თუ ფეხბურთს დავჭირდები, მზად ვარ, მას დავეხმარო," - თქვა დელ ბოსკემ 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც ესპანეთის ნაკრებისათვის წარმატებული ვერ გამოდგა.
დელ ბოსკეს აზრი ვერც ზღაპრულმა ჩინურმა წინადადებამ შეაცვლევინა. ისინი მზად იყვნენ, ხელფასის სახით ესპანელისათვის წელიწადში 15 მილიონი ევრო გადაეხადათ. დელ ბოსკეს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. უეფამ ის ყველა დროის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა.
გამორჩეული ტიტულები - ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი. მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (2), ლა ლიგა (2).
ფაბიო კაპელო
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 70 წლის იტალიელი სპეციალისტი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აქტიური სამწვრთნელო საქმიანობა დაესრულებინა.
"რუსეთი დავტოვე და ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მივიღე. ბოლო დროს ჩემით ბევრი არავინ ინტერესდება. ასე რომ, წინადადებებზე უარის თქმა არცთუ ისე ხშირად მიწევს," - თქვა იტალიის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა.
ამის შემდეგ მას შესთავაზეს მილანის, ინტერისა და იტალიის ნაკრების ჩაბარება, თუმცა დონ ფაბიოს დარწმუნება იოლი საქმე არ აღმოჩნდა.
გამორჩეული ტიტულები - ჩემპიონთა ლიგა (1993-1994), სერია A – 5 (იუვენტუსთან ერთად მოგებული 2 სკუდეტო ცნობილი სკანდალის შემდეგ ჩამოართვეს). მადრიდის რეალთან ერთად 2-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
ფრანკ რაიკაარდი
რაიკაარდი ჯერ მხოლოდ 54 წლისაა, არადა მან უკვე გამოაცხადა აქტიური სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ. 2003-08 წლებში ბარსელონას მთავარი მწვრთნელი იყო. გუნდთან ერთად მოიგო პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა.
"ფეხბურთმა ძალიან ბევრი რამ მომცა და მე ამისთვის მადლობელი ვარ. ახლა კი მოვიდა დრო, ცხოვრებაში სხვა რამეებით დავკავდე," - განაცხადა რაიკაარდმა. ბოლო დროს მას რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა. მათ შორის იყო ვალენსია, თუმცა ჰოლანდიელი შემოთავაზებაზე არ დათანხმდა.
რაიკაარდმა ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა (2) და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
ალექს ფერგიუსონი
ევროპის ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელი უკვე სამი წელია, ისვენებს. იქამდე კი ის 30 წლის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედის სიმბოლო იყო. 23-ჯერ მოგებული ინგლისის ჩემპიონატი და ორჯერ მოგებული ჩემპიონთა თასი ყველაფერზე მეტყველებს.
"როცა მეუღლეს ვუთხარი, რომ კარიერას ვასრულებდი, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მე ვიცოდი, რომ მას ეს უნდოდა. სხვათა შორის, მელოდა მაშინაც კი, როცა შინ ღამის ორ-სამ საათზე ვბრუნდებოდი ," - ასე ახსნა 75 წლის მწვრთნელმა იუნაიტედის დატოვების მიზეზი. თანაც, იმ დროს ფერგის მეუღლეს და გარდაეცვალა.
იუპ ჰაინკესი
სამწვრთნელო კარიერის ფინალი დიდებული ჰქონდა. ბაიერნთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მანამდე ეს რეალთან ერთად გააკეთა.
"აღარასოდეს ვიმუშავებ მწვრთნელად. მინდა, ოჯახით დავტკბე," - თქვა 71 წლის იუპიმ.
გამორჩეული ტიტულები - მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული. ბაიერნში მოღვაწეობის პერიოდში კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 3-ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი.
ოტმარ ჰიტცფელდი
შვეიცარიის ნაკრების გაწვრთნას მორჩა და 68 წლის მწვრთნელმა კარიერა დაასრულა. ეს მოხდა 2014 წელს. მალე მან მიიღო ჩინური წინადადება, რომლის მიხედვითაც 25 მილიონი ევრო უნდა მიეღო წელიწადში. ჰიტცფელდმა იპოვა ძალა და უარი თქვა.
"ეს მართალია. მე ჩინეთში გატარებული წელიწადნახევრისათვის უფრო მეტს ავიღებდი, ვიდრე ბაიერნში შვიდწლიანი მოღვაწეობის დროს, არ წავედი იმიტომ, რომ ჩემი შვილი მალე დაქორწინდება და ბაბუა გავხდები. მე და ჩემს მეუღლეს დიდებული დროება გველის," - აღნიშნა მან.
ჰიტცფელდმა ბაიერნთან და დორტმუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა დაიგივე გუნდებთან ერთად ჯამში 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი.
მომზადებულია Sportall-ის მასალების მიხედვით.