ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობა გადაიდო. ფინალური სერიის მე-4 მატჩში „ლივლენდ კავალერსმა 137:116 დაამარცხა გოლდენ სტეიტ უორიორსი და ჩამორჩენა 1:3 შეამცირა. ოკლენდელებს, რომლებმაც სერიის საწყისი 3 მატჩი მოიგეს, ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლდათ, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა, კაირი ირვინმა, კევინ ლავმა შეუდარებლად ითამაშეს და გოლდენ სტეიტს თავიანთ ქალაქში საჩემპიონო ზეიმის საშუალება არ მისცეს..
მიუხედავად იმისა, რომ კლივლენდი თავიდანვე დიდი სხვაობით იგებდა და საბოლოოდაც დამაჯერებლად იმარჯვა, მატჩი ძალიან დაძაბული, ემოციებით სავსე გამოდგა. შვიდმა მოთამაშემ, მათ შორის, ზაზა ფაჩულიამ ტექნიკური ჯარიმები დაიმსახურეს. იყო უხეში მომენტები, ბრძოლა და ლამაზი მომენტებიც. კლივლენდელებმა პირველ პერიოდში 49 ქულა ჩააგდეს და ნბა-ს ფინალების ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესეს.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთი გაატარა. ქართელმა ცენტრმა 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 6 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. მატჩის ყველაზე შედეგიანო მოთამაშე კაირი ირვინი გახდა, რომელმაც 40 ქულა მიითვალა, ლებრონ ჯეიმსმა კი ფინალურ სერიაში მე-9 სამმაგი დუბლი მიითვალა და მეჯიქ ჯონსონის რეკორდი გააუმჯობესა. ლებრონის ანგარიშზე 31 ულა, 10 მოხსნა და 11 პასი დაგროვდა. გოლდენსტეიტელებს კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა მოაგროვა.
ფინალური სერია ოკლენდში გადაინაცვლებს, სადაც მორიგი მატჩი 13 ივნის გაიმართება.