09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ისევ დაძაბული ვითარებაა

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. დებალცევოს დატოვების შემდეგ უკრაინის სამთავრობო ძალები ქალაქ არტემოვსკთან გამაგრდნენ.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ ღამით პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი 15-ჯერ გაუხსნეს, რუსეთიდან საზღვარი კი მძიმე ტექნიკის ოთხმა კოლონამ გადაკვეთა.

კონფლიქტის ზონაში ამოსაცნობი სამხედრო ნიშნების არმქონე კოლონების გადაადგილებას ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც ადასტურებს.

ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში კი მიიჩნევენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მინსკის შეთანხმების განხორციელება არც კი დაწყებულა.

"თქვენ მეკითხებით, დაირღვა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მე კი კითხვითვე გიპასუხებთ, საერთოდ დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი?” - განაცხადა ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა და აღნიშნა, რომ დებალცევოსთან საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა არც კი შემცირებულა. ქალაქის შემოგარენში კი იერიშები შეთანხმების გამოცხადების წუთიდან ამ დრომდე გრძელდება. მისივე განცხადებით, „ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ სიტყვებია.” 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "აშკარაა რუსეთის და პუტინის მხრიდან აგრესიული ქმედებები უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე." მისი თქმით, "ამით ნატოს თავდაცვისუნარიანობას ცდიან."

„ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვიქნებით მტკიცე და ერთიანები ნებისმიერი სახის პროვოკაციის წინაშე,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები