21 დეკემბერი 2024,   18:38
ვრცლად
კამათი საკრებულოს სხდომაზე - "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამშენებლო კომპანია „არქის“ საქმიანობა გააპროტესტა

სამშენებლო კომპანია „არქის“ საქმიანობა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტა. ოპოზიციური პარტია კომპანიის და თბილისის მერის საერთო ბიზნესინტერესებზე საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობა“ „არქი ჯგუფს“ მშენებლობის ნებართვის გარეშე დაწყებაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია რამდენიმე მისამართზე დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებს, მათ შორის არის დიდი დიღომი, კონკრეტულად კი პეტრიწსა და თავდადებულის მიმდებარედ დაწყებული მშენებლობები, ასევე თამარაშვილის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობა. აღნიშული ქუჩის მცხოვრებლები საკრებულოს სხდომასაც ესწრებოდნენ.

ოპოზიციის თქმით, დიდ დიღომში, სადაც მშენებლობაა დაწყებული, მიმდებარე ტერიტორიაზე „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენი გადის და შესაბამისად, რისკის ზონას წარმოადგენს.

„თქვენ, საკრებულოს უმრავლესობა ღებულობთ იმაზე პასუხისმგებლობას, რომ აქ, სადაც წულაიას ინტერესებია ჩაჩავას 4 ნომერში და თავდადებული, პეტრიწის ქუჩაზე ნებართვა არ გაიცემა? იმ კაცმა წინასწარ იცის იმიტომ, რომ კახი კალაძის მეგობარია, ძმაკაცია და რომ მისცემს ნებართვას, იცის. ასევე მნიშვნელოვანია თამარაშვილის 13 ნომერში მიმდებარე მშენებლობა. 2013 წელს მერია წერდა, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლებოდა, 2017 წლის დეკემბერში ისევ წულაიას სასარგებლოდ 29 სართულიან კორპუსს აშენებს და ათობით ხეს ჩეხავს,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კანონის დარღვევით ნებართვა არცერთ კომპანიაზე გაიცემა, რასაც ისიც ადასტურებს, რომ დიღომში მშენებლობა შეჩერებულია.  

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები