51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მთავარმა მოწმემ ჩვენება მეხუთედ შეცვალა. მიხეილ კალანდიამ დღეს სასამართლოს სისხლიანი დაპირისპირების ახალი ვერსია შესთავაზა - სრულიად განსხვავებული იმისგან, რაზეც მან ორი დღის წინ ისაუბრა.
მოკლული არასრულწლოვნის მამას მიაჩნია, რომ მოწმე კალანდიას მიმართ ცრუ ჩვენებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ საქმის მთავარ მოწმეზე გარკვეული პირები ზემოქმედებენ, მათ შორის არ გამორიცხავს მიხეილ კალანდიას ბიძის, მირზა სუბელიანის მონაწილეობასაც.
ინფორმაცია მოწმე კალანდიაზე მირზა სუბელიანის მხრიდან ზეწოლის შესახებ გუშინ გავრცელდა. „პირველმა რადიომ“ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ 11 აპრილს მიხეილ კალანდიას დაკითხვის შემდეგ მათთან სახლში სუბელიანი ორ პროკურორთან ერთად მივიდა და ცოლის დის შვილს შეცვლილი ჩვენების გამო ეჩხუბა. ამავე წყაროს ცნობით, სუბელიანმა კალანდია სახლიდან წაიყვანა და დღევანდელი დაკითხვისთვის თავიდან მოამზადა, მთავარი მოთხოვნა კი ჩვენების ისევ შეცვლა იყო.
მოწმე კალანდიას მიერ ჩვენების შეცვლას მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ ბრალდებულების დამცველები. მათი ნაწილი მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასაც ითხოვს.
ადვოკატების და დაზარალებულის პოზიციას არ იზიარებს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მოწმე კალანდიას ჩვენება არ შეუცვლია. ზვიად ფხაკაძის თქმით, მომწმემ ჩვენება დააზუსტა.
პროკურორის განცხადებით, კალანდიას დაკითხვის შემდეგ პროკურატურამ ორი გამოძიება დაიწყო. ერთით ისინი დაადგენენ, განხორციელდა თუ არა მოწმეზე ან მის მამაზე წინასწარ გამოძიებაში რაიმე სახის ზეწოლა, მეორეთი კი უნდა გაიგონ, ვის ჰქონდა მიხეილ კალანდიაზე დაკითხვის შემდეგ ზემოქმედების მცდელობა.