სირიაში მოსალოდნელი საომარი მოქმედებების ფონზე გაეროს უშიშროების საბჭოში მორიგი საგანგებო სხდომა იმართება. შეხვედრის ჩატარება რუსეთმა მოითხოვა, რომელიც ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უცხოური სპეცსამსახურის მიერ დადგმულს უწოდებს.
სხდომაზე სიტყვით გაეროს გენერალური მდივანიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოში ცივი ომი დაბრუნდა.
სირიის რეჟიმის მხარდაჭერის გამო საბჭოს წევრებმა რუსეთი გააკრიტიკეს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
ბრიტანეთის ელჩმა გაეროში თავის გამოსვლაში აგვისტოს ომიც ახსენა.
„სირია არის ბოლო ჩვენს ჩამონათვალში, სადაც ჩანს რუსეთის უპატივცემლობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ერთად შევქმენით ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის. ეს უპატივცემლობა გამოვლინდა 10 წლის წინ რუსეთის ქმედებებით საქართველოში, შემდეგ ბოინგის ჩამოგდებით და სოლსბერის თავდასხმით. ჩვენ არ ვართ რუსოფობები. პატივს ვცემთ რუს ხალხს და გვინდა კონსტრუქციული მეგობრობა, მაგრამ თავად რუსეთის ქმედებებმა მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე. ვერ გავწირავთ საერთაშორისო წესრიგს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს სურს, თავისი მოკავშირე ნებისმიერ ფასად დაიცვას,“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა გაეროში, კერენ პირსმა.