07 მაისი 2024,   17:42
ვრცლად
სამხედრო ოპერაცია სირიაში - აშშ, საფრანგეთთან და ბრიტანეთთან ერთად, სირიის რეჟიმს უპირისპირდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საღამოს 9 საათზე ამერიკის მოსახლეობას შეატყობინა, რომ გასცა განკარგულება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იყო პასუხი რამდენიმე დღის წინ სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე.

პრეზიდენტმა მიმართვის დროს საზოგადოებას უთხრა, რომ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, განახორციელონ ზუსტი დარტყმები იმ ობიექტებზე, რომლებიც ასადის რეჟიმის ქიმიურ იარაღთან არის დაკავშირებული.

ტრამპმა თქვა, რომ ეს დარტყმები ამერიკის მოკავშირეებთან - საფრანგეთთან და ბრიტანეთთან, ერთად მიმდინარეობდა და ექნებათ ასეთი პასუხი, ვიდრე სირიის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოყენებას არ შეწყვეტს.

პრეზიდენტის მიმართვიდან ცოტა ხანში განცხადება გაავრცელა ლონდონმაც.

ბრიტანეთის პრემიერმაც დაადასტურა, რომ ამ საღამოს მან დაავალა შეიარაღებულ ძალებს, აწარმოონ კოორდინირებული დარტყმა სირიის ქიმიური იარაღის სამიზნეებზე.

ტერეზა მეიმ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს არ არის სამოქალაქო ომში ჩარევა და რეჟიმის შეცვლა. მისი თქმით, არ იყო სხვა პრაქტიკული ალტერნატივა სირიის რეჟიმის შესაკავებლად ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

პრეზიდენტის განცხადებიდან მალევე გაირკვა, რომ სირიის კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმაში ავიაცია და სამხედრო ფლოტი მონაწილეობდა. პირველი სამიზნე დამასკოსთან ახლოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი იყო, სადაც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ. მეორე სამიზნე კი ქიმიური იარაღის საწყობი იყო, იგივე დანიშნულება ჰქონდა მესამე სამიზნესაც.

დღის ბოლომდე არ იყო ცნობილი, დაიწყებდა თუ არა შეერთებული შტატები, ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად, სირიის ქიმიური ობიექტების კონკრეტულ სამიზნეებზე შეტევას. ადმინისტრაციამ დღეს განმარტა, რომ არანაირი გარემოების ქვეშ არ აპირებენ სამხედრო ძალების გაურკვეველი ვადით სირიაში დატოვებას.

კიდევ ერთ ბრიფინგს პენტაგონი ვაშინგტონის დროით, დილის 9 საათზე მოიწვევს.

თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ამ დღეებში მოსალოდნელია დიდი რაოდენობით დეზინფორმაციის გავრცელება და მედიას პენტაგონი სწორ ინფორმაციას რეგულარულად მიაწვდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები