09 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მცდელობა რუსეთის შესაჩერებლად

მინსკში მიღწეული შეთანხმება არ შესრულდა, თუმცა მანამდე ევროპელებმა არაერთხელ სცადეს, პროცესების მართვა საკუთარ თავზე აეღოთ. არცერთ ძალისხმევას რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია.

პრორუსი სეპარატისტების მიერ ყირიმის დაკავებისა და ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების შემდეგ მოსკოვის დასჯა სანქციების დაწესებით გადაწყვიტეს. პირველმა ეს ნაბიჯი ბარაკ ობამამ გადადგა.

შეერთებული შტატების შემდეგ ყირიმის რუსეთთან მიერთება უკანონოდ სცნო ევროკავშირმაც და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი აამოქმედა. შეზღუდვები მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მკაცრდებოდა, რასაც რუსეთის ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა.

ნატომ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეაჩერა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი რუსულ დელეგაციას ხმის უფლება ჩეჩნეთის ომის შემდეგ მეორედ  ჩამოართვა.

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. პირველად ნორმანდიაში, მოგვიანებით მილანში, ბოლოს კი მინსკში, სადაც  ცეცხლის შეწყვეტის პირველი შეთანხმება გააფორმეს. თუმცა, დონბასში პრორუსი მებრძოლები შეტევებს განაგრძობდნენ.

სეპარატისტების შეჩერების აუცილებლობაში ვლადიმერ პუტინის დარწმუნება ანგელა მერკელმა საკუთარ თავზე აიღო. თუმცა, ეს მცდელობა მისი ცნობილი სიტყვებით დასრულდა - ვლადიმერ პუტინი "რეალობას მოწყვეტილია".

სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა "დიდი შვიდეულიდან" გარიცხული რუსეთის ლიდერი ბრისბენის სამიტზეც. ვლადიმერ პუტინს კანადის პრემიერმა ხელის ჩამორთმევისას პირდაპირ უთხრა - "მიბრძანდით უკრაინიდან".

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის კრიზისზე სხდომა 30-ჯერ მოიწვია. თუმცა, რუსეთის ვეტოს გამო ვერცერთი რეზოლუციის მიღება შეძლო. ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც მოსკოვი დასთანხმდა, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლისშეწყვეტას ეხებოდა. თუმცა, მას პირობა არ შეუსრულებია.

დასავლეთი კვლავ აქტიურადაა ჩართული პროცესებში იმისათვის, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. 

დღის ამბები