09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
ევროპაში მინსკში დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე საუბრობენ

ევროპაში მინსკში დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე საუბრობენ. საფრანგეთის და გერმანიის პირველმა პირებმა პარიზში შეხვედრისას აღნიშნეს, რომ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დაარღვევს შეთანხმებას, გამოყენებული იქნება სანქციები.

„მინსკის შეთანხმების ვალდებულებები უნდა შესრულდეს. ეს ადვილი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება რთულია. მაგრამ მისი პატივისცემით ჩვენ თავიდან ავიცილებთ სისხლისღვრას. უნდა შეწყდეს ცეცხლი, გაიყვანონ მძიმე ტექნიკა და გაცვალონ ტყვეები. თუ მთავარი პუნქტები არ იქნება დაცული, კვლავ წამოვწევთ სანქციების საკითხს. მინსკში ჩვენ სანქციების დასაწესებლად არ ჩავედით. ჩვენ იქ წავედით იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

„მინსკის 2014 წლის შეთანხმების შემდეგ გერმანიის კანცლერსა და მე საუბარი არასოდეს შეგვიწყვეტია. ახლა ყველაზე მეტად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეთანხმებები უნდა შესრულდეს. ეს კი უპირველესად ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს, რომელიც ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა და, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ დაირღვა, განსაკუთრებით დებალცევოში,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კიევიდან დაბრუნებული ევროკომისარი კი აცხადებს, რომ ევროკავშირისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, შეწყდეს ცეცხლი უკრაინის ტერიტორიაზე, შემდეგი ეტაპი კი არის ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.

„უკრაინა "მაიდნის" წლისთავს აღნიშნავს. მყიფე ცეცხლის შეწყვეტის გამო არსებული ვითარება კვლავ უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. მიმაჩნია და მოვუწოდებ მხარეებს, რომ დაიცვან მინსკის შეთანხმება, რომელიც უპირველესად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პატივისცემას, მძიმე შეიარაღების გაყვანასა და ადგილზე ეუთოს დამკვირვებლების შეშვებას გულისხმობს. კიევში ვიზიტის დროს შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი უკრაინის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერს. მინდა, კიდევ ერთხელ დავარწმუნო უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერაში, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის კუთხითაც,“ - აცხადებს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი.

დღის ამბები