ზუგდიდის სასამართლოში ამ წუთებში ლომარ ნიგურიანის მკვლელობის ფაქტზე სასამართლო პროცესი იწყება. ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს.
მკვლელობიდან 4 თვე არის გასული და ამ დრომდე მკვლელი დაკავებული არ არის. ოჯახის თქმით, გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება და ლომარ ნიგურიანის მკვლელს არ იჭერენ.
ისინი საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ საქმეში მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზა დევს.
ნიგურიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქიმიური, ბიოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რაც საქმეში დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენდა.
ოჯახის ადვოკატის თქმით, საქმეში არ დევს ინფორმაცია, არის თუ არა შემთხვევის ადგილიდან და ოჯახიდან ამოღებული მასრები იდენტური. ადვოკატის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ლომარ ნიგურიანი მოკლეს, მკვლელს თან აქვს წაღებული.
ოჯახის თქმით, საქმეში მოტივიც არასწორად არის დასახელებული, რადგან ეს არ იყო ყოფით ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა. მათი თქმით, ლომარ ნიგურიანი პოლიტიკური მოტივით მოკლეს.