21 დეკემბერი 2024,   18:37
ვრცლად
„ეს არის კონკრეტული მესიჯი - "შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით“ - ზოდელავას გამოკითხვა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე გამოძიების კითხვებს ექვსი საათის მანძილზე პასუხობდა.

ყოფილი მთავარი პროკურორი გამოკითხვაზე ტელეკომპანია "იმედის" საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარეს.

ის უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.  ამავე საქმეზე პროკურატურამ ორი დღის წინ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას. მურთაზ ზოდელავა თვლის, რომ მისი გამოკითხვა მხოლოდ მისმა ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა აქტიურობამ გამოიწვია.

„ეს არის კონკრეტული მესიჯი - ამ საქმეზე ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი, ამ საქმეზე ბრალდებულია ვანო მერაბიშვილი, ამ საქმეზე ბრალდებულია ზურაბ ადეიშვილი. საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი, არანაირი დანაშაულია არცერთ ამ ადამიანს რა თქმა უნდა არ ჩაუდენია. უბრალოდ, ხელისუფლება მე მეუბნება, რომ შენც ჩადგები მათ რიგში. შენ ხარ მტერი, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი აცხადებს, რომ ამ გამოკითხვიდან ვერცერთ კითხვაზე პროკურატურა პასუხს ვერ მიიღებდა, რადგან არც არაფერი აინტერესებდა. გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ მურთაზ ზოდელავას „იმედის“ საქმეზე გამოკითხვაზე დაბარება მხოლოდ პოლიტიკურ გზავნილს ატარებდა.

„რა მიიღო დღეს გამოძიებამ ძნელი სათქმელია, იმიტომ  რომ არც არაფერი აინტერესებდა. იმიტომ რომ იმედთან დაკავშირებულ საქმეებთან მიცემულია პასუხისგებაში 5 მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირი. მათ გააგზავნეს ერთგვარი მესიჯი ზოდელავას მიმართ, რომ შენ ძალიან აქტიურობ და თუ იაქტიურებ, რაღაც საქმეს შენს სახელს და გვარს დავუკავშირებ“- აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

 

 

დღის ამბები