21 დეკემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ისტორიული მოვლენა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ ხაზზე - ქვეყნების ლიდერები დღეს ერთმანეთს შეხვდნენ

ისტორიული მოვლენა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ ხაზზე - ქვეყნების ლიდერები დღეს ერთმანეთს შეხვდნენ და მოლაპარაკებების პირველი რაუნდიც გამართეს.

კიმ ჩენ ინს გამყოფ ხაზთან მას სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დახვდა და ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მისალმების შემდეგ კიმ ჩენ ინმა კოლეგას სადემარკაციო ხაზის მეორე მხარეს გადასვლა სთხოვა, რაც წინასწარ პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო. ლიდერებმა ერთმანეთს ხელი სიმბოლურად ჩრდილო კორეის ტერიტორიაზეც ჩამოართვეს.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრის ნაწილი მედიისთვის დახურული იყო, თუმცა ნაწილი ფხენიანის ლიდერის ნებართვით პირდაპირ ეთერშიც გადაიცა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ ლიდერებმა შესვენება გამოაცხადეს და ცალ-ცალკე ისადილეს. კიმ ჩენ ინმა სადემარკაციო ხაზი შავი ლიმუზინით დაცვასთან ერთად დატოვა და სასადილოდ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

მოლაპარაკებები მოგვიანებით დელეგაციების თანხლებით კვლავ მშვიდობის სახლში გაგრძელდა და მნიშვნელოვანი შეთანხმებებიც გაფორმდა. ორი კორეა წყვეტს მტრულ ქმედებებს ერთმანეთის მიმართ, იწყებენ იარაღის არსენალის შემცირებას და ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას.

ისტორიული სამიტი ბანკეტით დასრულდა. პატივისცემის ნიშნად სამხრეთ კორეის დელეგაციას კიმ ჩენ ინი ჩრდილოკორეული კერძით ცივი ვერმიშელით გაუმასპინძლდა, რომელიც სადემარკაციო ხაზზე ფხენიანიდან ჩაიტანეს.

მაისში კვლავ იგეგმება მაღალი დონის მოლაპარაკებები, შემდეგ კი კიმ ჩენ ინი უკვე დონალდ ტრამპთან შესახვედრად მოემზადება. სავარაუდოდ, შეერთებული შტატებისა და ჩრდილო კორეის ლიდერთა სამიტი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება. 

დღის ამბები