20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ხვალ პარლამენტში პრეზიდენტს ელოდებიან - საკანონმდებლო ორგანოში მწვავე დებატებისთვის ემზადებიან

ხვალ პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტს ელოდებიან. უმრავლესობამ უკვე დააანონსა, რომ გიორგი მარგველაშვილთან დებატები განსაკუთრებით კრიტიკული იქნება. ივანიშვილის გუნდი მარგველაშვილს მძიმე და პოლიტიკურად საინტერესო ოთხშაბათს უანონსებს.

კურიერს წყარო ქართული ოცნებიდან უყვება, რომ პარტიის ლიდერებს გამოსვლის ორი ვერსია აქვთ, მწვავე და ნეიტრალური. რომელს გააჟღერებენ ხვალ საპარლამენტო ტრიბუნიდან, ეს მეოთხე პრეზიდენტის ბოლო მოხსენების შინაარსზეა დამოუკიდებული. თუ მარგველაშვილი ქართული ოცნების გუნდს მწვავედ გააკრიტიკებს, პასუხიც შესაბამისი იქნება. ახლა უმრავლესობის 116-ივე დეპუტატი 2 მაისის 12 საათს ელოდება, როდესაც პრეზიდენტის მოხსენება უნდა დაიწყოს.

პრეზიდენტთან პოლიტიკური დებატებისთვის გამოყოფილ დროს ოპოზიცია ქართული ოცნების კრიტიკისათვის გამოიყენებს. საპარლამენტო ტრიბუნიდან ხვალ ივანიშვილის პარტიის წევრებს შეახსენებენ ყველაფერს, შეუსრულებელი დაპირებებიდან დაწყებული და სასამართლო სისტემით დასრულებული.

პრეზიდენტს პარლამენტის რეგლამენტით ყოველწლიური გამოსვლისთვის ერთი საათი აქვს. თუმცა, მას უფლება აქვს, სიტყვა გააგრძელოს.

გიორგი მარგველაშვილი აქცენტს ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებსა და მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე გააკეთებს.

მწვავე პოლიტიკური დებატები პარლამენტში ხვალ დღის ბოლომდე გაგრძელდება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები