20 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ჰომოფობიური განცხადებები - 29 ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სოფო კილაძის გადადგომას მოითხოვს

29 ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სოფო კილაძის გადადგომას მოითხოვს. მიზეზი კი არის ის, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელმა გააუქმა 17 მაისს უმცირესობების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები.

სამოქალაქო სექტორი ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

დაპირისპირება კილაძის ირგვლივ დღეს გამწვავდა, როდესაც პარლამენტთან და კომიტეტის სხდომაზე აქტივისტებმა პოლიტიკოსის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ხმაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თანასწორობის მოძრაობის წევრების კითხვებს მოჰყვა.

სხდომა თანასწორობის მოძრაობის წევრებმა დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს. დაძაბული სიტუაციის განსამუხტავად გამოცხადებული შესვენებისას კომიტეტის თავმჯდომარემ მედიასთან განმარტებები გააკეთა და ივარაუდა, რომ პროცესები კონკრეტული პირებისგან არის მართული.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომას დილიდან მოითხოვდნენ ლგბტ თემის უფლებების დამცველები. ისინი კილაძეს ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

თანასწორობის მოძრაობის აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კონტრაქცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეებმა მოწინააღმდეგე ჯგუფს კვერცხები ესროლეს, რის გამოც პოლიციამ სამი პირი დააკავა.

 

 ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები