26 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში - "ქართული ოცნება" ვარდების რევოლუციის მოედანს სახელწოდებას უცვლის

უმრავლესობის ინიციატივის განხილვას, რომელიც ვარდების რევოლუციის სახელწოდების შესაძლო ცვლილებას უკავშირდება, საკრებულოში ხმაური მოყვა. „ქართული ოცნების“ ფრაქციების გადაწყვეტილებით, „ვარდების რევოლუციის მოედანს“ მალე სახელს შეუცვლიან და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი დაერქმევა.

მოედნისთვის სახელის შეცვლას საკრებულოში, სიმბოლიკის კომისიამ დღეს მწვანე შუქი აუნთო, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სხდომაზე მიიღებენ. პროტესტის ნიშნად დღეს ოპოზიციამ შეხვედრა დატოვა.

ოპოზიცია ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლას, ისტორიის გადაწერის მცდელობად და ისტორიული ფაქტების გაყალბებად აფასებს.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სახელს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს, პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს გამო უცვლიან.

საკრებულოს სხდომის გამართვამდე ამ ინიციატივას მხარდაჭერა თბილისის მერმა დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოუცხადა.

კოსტავას ქუჩასა და რუსთაველის გამზირს შორის მდებარე მოედანს 1983 წლიდან რესპუბლიკის მოედანი ერქვა. იქ ანდროპოვის ყურების სახელით ცნობილი ტრიბუნა აღლუმებისა და მიტინგებისთვის იდგა.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჯერ საბჭოთა წარსულის სიმბოლო მოანგრიეს, შემდეგ კი მოედანს ვარდების რევოლუციის სახელი უწოდეს. 

სახელის შეცვლის საკითხი უკვე ინიცირებულია. 20-ც დღეში სახელდებისა და სიმბოლიკის საჯარო სხდომა გაიმართება. სახელი მოედანს ოფიციალურად 26 მაისამდე უნდა შეუცვალონ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები