„გუშინ ისეთი სპექტაკლი იყო დადგმული, რომ პრეზიდენტს მაინც შეიძლება დასჭირვებოდა გაქცევა,“ - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი რომან გოცირიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გუშინ პრეზიდენტის გამოსვლაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავს ესხმოდნენ პრეზიდენტს, რათა ივანიშვილი ესიამოვნებინათ.
გოცირიძე ამბობს, რომ გუშინდელ სხდომაზე პირადი შურისძიების ნიშნებიც ჩანდა.
„გუშინდელი დღე იყო ფაქტობრივად პრეზიდენტის იმ 5-წლიანი ურჩობისთვის დასჯის დღე და ეს იყო დღე როცა საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობდა მეტად ესიამოვნებინა ივანიშვილისთვის და პიროვნული შურისძიების ნიშნებსაც ატარებდა ეს დღე,“- განაცხადა გოცირიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავად თქვა, რომ რეგლამენტის შეცვლა შესაძლებელი იყო, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება არ დაებრუნებინათ პრეზიდენტი დარბაზში.
„ეს იქნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის დარბაზში დარჩენილიყო.
მხოლოდ პოლიტიკური სიჯიუტის გამო უარი თქვეს არსობრივი მსჯელობა შემდგარიყო,“-აცხადებს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი აბესაძე.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას თქმით, პრეზიდენტმა რეგლამენტის დარღვევა ითხოვა, მაგრამ კანონმდებლების ხელშია რეგლამენტის შეცვლა.
„პროცედურული ომი იყო საბაბი, იცით დიდი ხნის დაპირისპირების შესახებ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, რაც არ არის მისაღები,“-განაცხადა მარშანიამ.