საპარლამენტო ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტისთვის სატელევიზიო დებატების შეთავაზების გამო აკრიტიკებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ პრეზიდენტთან საპარლამენტო დებატები ვერ გაბედეს და ახლა სურთ ეს სატელევიზიო სივრცეში გააკეთონ.
რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ თუკი გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებთან დებატებს აპირებს, ეს მხოლოდ პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა შედგეს.
„საპარლამენტო უმრავლესობამ ჩაშალა დებატები რეგლამენტის ახირების გამო. ამ სივრცეში მათ პრეზიდენტთან დებატები ვერ გაბედეს. ახლა უნდათ სატელევიზიო სივრცეში. ხუთი წლის განმავლობაში ხდებოდა პრეზიდენტის ნებისმიერი აზრის იგნორირება და რაღა ახლა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა პრეზიდენტის აზრის გაგება დებატების რეჟიმში? მე რომ პრეზიდენტი ვიყო დავთანხმდებოდი, ოღონდ დებატები უნდა წარიმართოს „ქართული ოცნების“ რეალურ ხელმძღვანელთან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი"-აცხადებს რომან გოცირიძე.
„ევროპულ საქართველოში“ კი თვლიან, რომ ამ შეთავაზებით საპარლამენტო უმრავლესობა ვერ გადაფარავს იმ უსიამოვნო ფაქტს, რაც გუშინ პარლამენტში მოხდა.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო უმრავლესობას სურდა, პრეზიდენტის პასუხები საზოგადოებას მოესმინა ამის შესაძლებლობას მას გუშინვე მისცემდნენ.
"უნდა გამოგვეჩინა პატივისცემა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, წარმართულიყო დებატი ისეთ ფორმატში, რომ ხალხს საშუალება მისცემოდათ მოესმინათ რა ხდება ქვეყანაში, რას გვთავაზობს ერთის მხრივ პრეზიდენტი, მეორეს მხრივ უმრავლესობა და მესამეს მხრივ ოპოზიცია ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ეს არის გუშინდელი დებატის ამოცანა. არა ის რომ ვინმემ თვითპიარი გაიკეთოს.
ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენის პრობლემა არც უმრავლესობას და არც პრეზიდენტს გააჩნია, ამიტომ ეს წინადადება ვერაფრით ჩაანაცვლებს იმას, რაც გუშინ მოხდა, როცა ყველამ გამოვიჩინეთ უპატივცემულობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ,“-განაცხადა ბაქრაძემ.