საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, რომლის ინიციატორი სომხეთის პრეზიდენტი იყო, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო - სომხეთის ურთიერთობები.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარქისიანმა ინფორმაცია მიაწოდა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა.
არმენ სარქისიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, დაადასტურა საქართველოში ვიზიტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით 26 მაისს შედგება.
სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობას.