შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების კუთვნილი თანხის მითვისების ბრალდებით მერიის თანამშრომლების დაკავებას "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, აუცილებელია დაკავებული იქნენ არა კომპანიის წარმომადგენლების, არამედ დადგეს დედაქალაქის მთავრობის იმ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ევალებოდათ.
„საკითხი რომელიც ჩვენ დავაყენეთ ფაქტობრივად გამოვიძიეთ დადასტურდა და დაადასტურეს რომ შშმ ბავშვების თანხები მიიტაცეს დედაქალაქის ბიუჯეტიდან.
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, არა კომპანიის წარმომადგენლების დაკავება, რომელიც ამ საქმიანობას ასრულებდნენ არამედ დედაქალაქის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდა საბიუჯეტო სახსრების კონტროლი. ასევე მნიშვნელოვანია, იმ საქალაქო სამსახურის უფროსთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქის მთავრობა, რომლის საქალაქო სამსახურისგანაც ეს ფული წაიღო კომპანიამ, მიიტაცა და შემდეგ შშმ ბავშვები გააფორმა რომ თითქოს იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში არ იყვნენ.
"მნიშვნელოვანია, არა წვრილფეხა კორუმპირებულების დაკავება, არამედ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დედაქალაქის მერიაში სხედან,“- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.