ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის მერიის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.
სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაკავებულები არიან თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით 2017 წელს მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო (მთის კურორტი) მომსახურების შესყიდვას. არამართლზომიერი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა ყალბი მონაცემები შეიტანეს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში.
"კერძოდ 179 000 ლარის ღირებულების საკურორტო მომსახურება თითქოსდა გაეწია 600 პირს, მაშინ როდესაც, გაწეული მომსახურების ამსახველ დოკუმენტებში დაფიქსირებულ პირთა ნაწილს მომსახურება საერთოდ არ მიუღია, ხოლო ნაწილმა არასრული მოცულობით მიიღო.
აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 34 775 ლარს,"-ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხსენებული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა. საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მერიის თანამშრომლებმა არ გადაამოწმეს ტენდერით გათვალისწინებული საკურორტო მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა და არ შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია გაწეული მომსახურების შესახებ, სადაც აშკარად იკვეთებოდა მონაცემების გაყალბების ფაქტი.
„ყალბი მონაცემები მოიცავდა იმას, რომ დოკუმენტში გაზრდილი იყო და გაზრდილა დიყო დაფიქსირებული გამყოლ პირთა და ბენეფიციართა რიცხობრივი რაოდენობა. გამოძიება მიმდინარეობს იმ შემთხვევაში თუ გამოვლენილ იქნა სხვა პირთა დანაშაულებრივი ქმედებები საგამოძიებო სამსახური გაატარებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებას და დამნაშავეებს გასცემს ჯეროვან და ადეკვატურ პასუხს“- აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი სოსო მებონია.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3, ასევე 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.