20 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ე.წ. გირგვლიანის შესწორებები - პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე სასჯელი მკაცრდება

პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით სესიაზე განიხილავენ, რომლიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრება, თუმცა, მათი პოზიცია უკვე ცნობილია. ისინი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ.

უმრავლესობის წევრების თქმით, მაგალითად, თუ უფლებამოსილების გადამეტებისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ეს ვადა გაიზრდება.

ოპოზიციის წევრების თქმით, ცვლილებების მიუხედავად, ხელისუფლებაში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს კანონმდებლობა აღსრულდეს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური გზავნილი იქნება ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის.

„ნებისმიერი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ჩაიდენს ნებისმიერ იმ დანაშაულს, რომელიც დღეს არის სისხლის სამართლის კოდექსით მძიმე მუხლებში გამოტანილი, ასეთია, მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ძალადობრივი ქმედებები და ა.შ. დაისჯება უფრო მკაცრად, ვიდრე დაისჯება ჩვეულებრივი მოქალაქე. ეს არის მთავარი გზავნილი,“ - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს სახელმწიფო, განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს.

„არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ დღეს თუ ის ხელისუფლებაშია, მას შეუძლია განუკითხავად, ადამიანის უფლებების იგნორირებით, ხალხის ინტერესის გაუთვალისწინებლად იყენებდეს კანონს და ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის დაუსჯელი დარჩება მომავალში,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

გირგვლიანის შესწორებებით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას.

დღის ამბები