„ევროპული საქართველო" პარლამენტში ახალი საკანონდებლო ინიციატივის დაყენებას აპირებს, რომლის მიზანიც რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.
კანონპროექტს პარტია არასამთავრობო სექტორთან ერთად ამუშავებს და კონკრეტულ ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ინიციატივა გულისხმობს რუსული ფულის შემოდინების კონტროლს და ასევე იმის გაკონტროლებას, რომ ბიუჯეტიდან გასული ფული არ წავიდეს რუსული პროპაგანდის გამტარებელი ორგანიზაციების ბიუჯეტში.
„ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდა შეიზღუდოს და ზოგადად, რუსეთის გავლენა საქართველოში შემცირდეს. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული იდეები. ეს იდეები ეხება პირველ რიგში რუსული ფულის შეზღუდვას საქართველოში და მათ შორის რუსული ფულის შედინებას ქართულ მედიასაშუალებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვა გავლენის აგენტებში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უფრო მეტ გამჭვირვალობას, მათ შორის იმ კუთხით, რომ საჯარო ფინანსები, ანუ საქართველოს ბიუჯეტიდან გასული ფული, არ წავიდეს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი სერგი კაპანაძე.