არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპის უმაღლესმა ინსტანციამ გასცეს პასუხი იმ ქმედებებს, რომელსაც ტატუნაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. საერთაშორისო სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მექანიზმის გამოყენება, როგორც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების დარღვევის გამო, ეს არის კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება და სიცოცხლის ხელყოფა,“- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
კონკრეტულად რა მასალებს მიაწვდის სტრასბურგის სასამართლოს მთავრობა, მმართველი გუნდის დეპუტატებს ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და უახლოეს მომავალში ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ ეს საკითხი გადაიტანოს საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში და სწორედ ევროპულ სამართლებრივ სივრცეში მოხდეს ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა.