თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებად დასახელებულ ძირითად ფაქტორებზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება მმართველ გუნდში არსებული გაუგებრობების გამოც გადაწყვიტა.
„მან განმარტება გააკეთა, თუ რა იყო დაბრუნების მიზეზი, ისაუბრა სამ მიმართულებაზე და ერთ-ერთი იყო თუნდაც, შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა დავარქვათ, შეიძლება პატარა გაუგებრობები, რაზეც სხვათა შორის, იყო საუბარი, არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამას, განმარტებები იყო გაკეთებული,“ - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გუნდში შესაძლოა, რომ ყველა ერთ აზრზე არ იყოს, თუმცა, არსებული პრობლემები გუნდის შიგნით უნდა განიხილებოდეს.
„ზოგადად, როდესაც სხვადასხვა საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის ნორმალური და ასეც უნდა იყოს, ყველას ერთნაირი მოსაზრება ერთ კონკრეტულ საკითხზე ვერ გვექნება, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს გუნდის შიგნით და უნდა რჩებოდეს გუნდში,“ – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ამ ეტაპზე გუნდში არ მსჯელობენ.
თბილისის მერი ასევე, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობენ და ამ ეტაპზე, არ არიან შეჯერებულები.