20 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და რუსეთის ქმედებები - საგარეო საქმეთა მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ოპოზიციის მთავარი კითხვაა - რას აკეთებს ხელისუფლება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას ე.წ. შავი სიის მთავარი მოთხოვნების შესასრულებლად.

„ჩვენ ბრიუსელსა და ვაშინგტონში ვიგებთ, რომ საქართველოს მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, არ იჩენს აქტიურობას ამ მიმართულებით, მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით მეორე ხელით ახალისებს პრორუსულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიციას ასევე აინტერესებს თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ რუსეთმა პოლიტიკური ფასი გადაიხადოს იმ ქმედებებზე, რასაც ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით არასაკმარისად მუშაობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ გადის დრო და რუსეთის არანაირი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. მე მაქვს შეკითხვა, რატომ არ უერთდება საქართველო სანქციების რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ და ამ მიმართულებით კონკრეტული შეთავაზება რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ, სანქციებს თუ არ მიუერთდება იმ შემთხვევაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპონენტების კრიტიკას პასუხობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ოპოზიცია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ოპოზიციას ახასიათებს ნებისმიერი სწორი მიმართულების გარკვეულწილად, თავისი ინტერესების ქვეშ მორგება, მცდელობა. ყველაფერს უნდა მუშაობა, გეგმაზომიერი და არა წამოყვირებები და შეჯახებების ინსპირირება, როგორც ახასიათებს ჩვენი ოპონენტების დიდ ნაწილს,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ოპოზიციის კითხვებს მედიასთან მიხეილ ჯანელიძემაც უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან აქტიურად მუშაობს, რომ რუსეთის ქმედებები პარტნიორ ქვეყნებისთვის ცნობილი იყოს.

„საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ვიყენებთ ყველა საერთაშირისო ფორმატს. მე გაეროს შესაბამისი მაღალი დონის სეგმენტზე ვისაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა პარალელური სესია გაეროს ფარგლებში, შეხვედრის პარალელურად ორგანიზებული, სადაც მონაწილეობა მიიღეს გაეროს მრავალმა წევრმა სახელმწიფომ და მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, გამოხატეს მტკიცეს პოზიცია რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, როგორც პარლამენტთან, ასევე კომისიასთან, საბჭოსთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომ დაფიქსირდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოზიცია,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები