შს მინისტრი დეპუტატების კითხვებს, წინასწარი ინფორმაციით, პარასკევს უპასუხებს. გიორგი გახარიასთან დეპუტატებს კითხვები 12 მაისის სპეცოპერაციასთან და რუსთაველზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით აქვთ.
„სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, რადგან როგორც ჩანს სპეცოპერაციის ჩატარება საერთოდ არ იყო აუცილებელი იმისთვის რომ აეყვანათ ის ადამიანები რომლებიც ბრალდებული არიან ნარკოტიკების გასაღებაში მაშინ მთავარი შეკითხვაა რაში დასჭირდა შსს-ს ამ დაშინების კამპანიისა და რეიდის ჩატარება“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
ნარკოპოლიტიკასთან და მძიმე ნარკოტიკის მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით შს მინისტრთან კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოსაც“.
„რატომ ვერ ებრძვის შს სამინისტრო ნარკორეალიზატორებს და რაშია დღევანდელი ნარკოპოლიტიკის პრობლემა, როდესაც შს სამინსიტროს საკუთარი არაპროფესიონალიზმის დაფარვა უხდება სპეცრაზმის რესტორნებში და კლუბებში შევარდნით“- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ შს მინისტრისა და მისი უწყების მოქმედება ძალიან ეფექტური იყო და ის ეფექტურად გაუმკლავდა დაპირისპირებას თბილისის ცენტრში, ახალგაზრდების ნაწილს მაინც დარჩა კითხვები კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ მინისტრმა ამ კითხვებს პასუხი სწორედ საკანონმდებლო ორგანოში უნდა გასცეს.
„ადეკვატური და სწორი ადგილია რის პარლამენტი ნელ ნელა ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ პარლამენტი არის ადგილი სადაც თუკი კითხვები არსებობს ამომწურავი პასუხების მისაღებად ისმება კითხვები“- განაცხადა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
გარდა ამისა, დღეს 18:00 საათზე შს სამინისტროში სპეცოპერაციის დეტალების განხილვას, სპეციალური ჯგუფი იწყებს, რომელიც შს სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებითაა დაკომპლექტებული.