20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს და მმართველ გუნდს 10 დღე რჩება

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს და მმართველ გუნდს 10 დღე რჩება. საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ ივნისამდე საერთო პოზიციაზე შეჯერდებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებს ისევ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ერთიანი გადაწყვეტილება, ამ დრომდე მიღწეული არ არის.

მთავარი საკამათო თემა კი კვლავაც ნარკომოხმარების დეკრიმინილაზაცია და ე.წ. დოზების საკითხია, რომლის ზევითაც უკვე სამართლებრივი დევნა დაიწყება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია და ნარკომომხმარებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.

„იყო საუბარი მთლიანად მოიხსნას თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის პასუხისმგებლობა ნარკომოხმარებაზე თუ არ უნდა მოიხსნას. რა დოზა შეიძლება ჩაითვალოს პირად მოხმარებად და რა უკვე დიდ ოდენობად, ასეთ ნიუანსებზეა საკითხი, თორემ კომისიაზე აზრთა სხვადასხვაობა პრინციპული არ შემხვედრია,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკა მომხმარებლების შემცირებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რა შედეგს დავდებთ ჯამში. ვისი დაწერილია, რა არის, ამას ჩემი აზრით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები