საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უწყებამ მოსახლეობის აღწერისა და მიგრაციის მაჩვენებლები განგებ დაამახინჯა და საზოგადოებას ისე მიაწოდა.
სააკაშვილის განცხადებით, საქსტატი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ციფრებით მანიპულირებს და მოსახლეობის აღწერის შესახებ რეალურ ინფორმაციას მალავს.
„არის სახეზე საქართველოს ისტორიის, სტატისტიკა ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, გაყალბების ძალიან უხეში მცდელობა, ეს არის, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ბრძანებით გაკეთებული... ივანიშვილს ჰგონია, რომ ყველაფრის გაყალბებას შეძლებს და რატომ არის ეს შემაშფოთებელი? კაცი, ვინც სტატისტიკას აყალბებს, თან ისე, რომ ყველამ იცის, რომ აყალბებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში ხომ ყველგან შენახულია, კომპიუტერში ხომ შენახულია, ის აუცილებლად გააყალბებს არჩევნებს და წინასწარ გვეუბნება, რომ ხო, მე ყოველთვის ყველაფერს გავაყალბებ და ჩვენ ვეუბნებით, ვეღარაფერსაც ვერ გააყალბებთ, არ მოგცემთ საშუალებას. წელს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში, დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ 2004-2005 წლებში მნიშვნელოვნად შეინიშნებოდა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. ამის შემდეგ, 2007 წელს ნეგატიური დინამიკა დაფიქსირდა, თუმცა, მოგვიანებით, 2009-10-11 წლებში მოსახლეობის რაოდენობა ისევ მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა 700 ათასით ნაკლები დაფიქსირდა და ამ ინფორმაციის დამალვას მმართველი პარტია ცდილობდა, რაშიც საქსტატი ეხმარებოდა.
საქსტატის მიერ ძველი მონაცემების ახლით ჩანაცვლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საბჭოთა მეთოდებს ადარებს. ენმ-ის ლიდერი ამბობს, რომ ამას კომუნისტური რეჟიმიც კი არ აკეთებდა.
„საბჭოთა კავშირში სტალინის სიკვდილის შემდეგ ენციკლოპედია ხომ გამოუშვეს და უშვებდნენ, მერე ხალხს უგზავნიდნენ გვერდებს, ამოხიეთ ის გვერდიო, მაგალითად, ბერია რომ დახვრიტეს და ბერიას მაგივრად ჩააკარით შიგ ბერი-ბერი. ეს არის ის სკოლა, ეს არის სიცრუის მანქანის კლასიკური საბჭოთა სკოლა, არაფერი ახალი, ამ მართლა, ოროსანს არ მოუფიქრებია. ოღონდ, ის მიიჩნევს, რომ ქართველები არაფრით არ შეცვლილან და არიან ისეთივე მონები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს და ყველაფერს გადაყლაპავენ, ყველაფერს მიიღებენ და არ მიიღებენ და არ გადაყლაპავენ. ჩვენს ერს აქვს ღირსება და აქვს მახსოვრობა. ყველა განათლებულ ერს აქვს მეხსიერება, ამას უნდა, რო მეხსიერების ჩიპი გამოგვიცვალოს, ტიპიურ რუსულ მანერაში. ახლა გამოჩნდება, გავრუსდით მართლა თუ შევინარჩუნეთ ღირსება და განათლების და პატიოსნ3ების დონე და დარწმუნებული ვარ, შევინარჩუნეთ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.