საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროსასამართლოში საქართველო - რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე განცხადებებს აკეთებენ.
2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა ხვალ ბოლო სხდომას გამართავს და გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში ძალიან ბევრი მტკიცებულება წარადგინა. ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ევროსასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
"იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისად, სასამართლოს ხელთ აქვთ ძალიან ბევრი მტკიცებულება და უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესების შედეგად სამართლიანობა, გარკვეულწილად, იზეიმებს. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უმძიმეს ფაქტზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში რუსეთის აგრესიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს.“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ საქართველოს წარმომადგენლობამ მაქსიმალურად კომპეტენტურად და სწორად მოაგროვა ყველა მტკიცებულება, რასაც სასამართლოს მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვება.
სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. სარჩელში რუსეთის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის და ძალის გადამეტების ასობით კონკრეტული მტკიცებულებაა შესული.
საქმე დასაშვებად სტრასბურგის სასამართლო 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო, 2012 წლის 3 აპრილს კი განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.