თბილისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული პირობის ვადა 5 დღეში იწურება, თუმცა, ქართული ოცნება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს.
დილიდან პარტიის ოფისში ორადგაყოფილი მმართველი გუნდი სასაუბროდ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შეიკრიბა, თუმცა, დაისჯება თუ არა პატიმრობით ნარკოტიკების მომხმარებელი, ამ დრომდე გაურკვეველია.
შეუთანხმებელი პოზიციების გამო, საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ჩაატარონ და საბოლოო ვარიანტზე ასე შეჯერდნენ.
მმართველი პარტიის ის ნაწილი, რომელიც ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციის მომხრეა, თანაგუნდელებს სამ ეტაპიან რეფორმას სთავაზობს.
თუ ნარკომომხმარებლებს პოლიცია დააკავებს, პირველი შემთხვევის დროს სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება და მომხმარებელს .ე.წ. გადარწმუნების კომისიაში გააგზავნიან, სადაც მას ფსიქოლოგებმა და სამართალდამცველებმა ნარკოტიკების მოხმარება უნდა გადააფიქრებინონ. განმეორების შემთხვევაში, ნარკო მომხმარებელს ისევ გადარწმუნების კომისიაში გააგზავნიან, ოღონდ ჩამოართმევენ მართვის მოწმობას და საჯარო სამსახურში მუშაობის უფლებას, ხოლო მესამე შემთხვევაში, თუ გადარწმუნების კომისიის ორი მცდელობა არაეფექტური აღმოჩნდება, ნარკომომხმარებელს დააპატიმრებენ.
4-საათიან შეხვედრაზე, ვის მხარეს იყო ბიძინა ივანიშვილი, უცნობია. შეხვედრიდან გამოსულები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ჩუმად იყო და მხოლოდ მხარეთა არგუმენტებს ისმენდა.