ისტორიული სასამართლო პროცესი ევროსასამართლოში - მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მყარი არგუმენტები წარადგინა იმისთვის, რომ სტრასბურგმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი დღევანდელ მდგომარეობას ცივი ომის პერიოდს ადარებს.
„დღევანდელი მოცემულობა წააგავს ცივი ომის პირობებს, ვითარებას, სადაც ცივილიზებული სამყარო იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებებს, ეტაპობრივად, რუსეთზე, რომ მოახდინოს ზეწოლა,“ - განაცხადა სესიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ოპონენტებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ შესაძლოა, არ გაუხარდეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.
„პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგება, როგორც ასეთი. აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვართ მარტო, საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია ეს ბერკეტი, რითიც უნდა აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყევტილებას.
„აქ არის ძალიან მკაფიოდ დადასტურებული ეთნიკური წმენდა, აქ არის მკაფიოდ დადასტურებული ადამიანების წამება, მკვლელობები, ღირსების შემლახავი მოპყრობა ქართველი ჯარისკაცების თუ რიგითი მოქალაქეების მიმართ,“ - განაცხადა სუბარმა.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე #2 - სტრასბურგში ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.