რუსები ამბობენ, რომ ჭურვებით განხორციელდა შეტევა, რაც აბსურდია,“- ეს განცხადება, ჰოლანდიელი ჟურნალისტმა, იეროენ აკერმანმა ევროსასამართლოში საქართველო - რუსეთის საქმეზე ღია მოსმენის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტი, რომელიც დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდა და მისი ოპერატორი 12 აგვისტოს ისკანდერის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.
იეროენ აკერმანის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს ერთ-ერთი მტკიცებულებაა.
„ისკანდერის ასამდე ფრაგმენტი იყო მოედანზე. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რადგან ისკანდერები მხოლოდ რუსებს აქვთ. აქცენტს აკეთებდნენ ისკანდერის ერთ ფრაგმენტზე, რომელიც საეჭვო გარემოებებში გადაიღეს. ისინი ამბობენ, რომ ისკანდერები გამოყენებული ვერ იქნებოდა და რომ მტკიცებულება გაყალბებულია. გაოცებული დავრჩი რუსების კონტრარგუმენტებით. ველოდი, რომ პასუხისმგებლობის აღებაზე უარს არ იტყოდნენ, მაგრამ ისკანდერების ეპიზოდს მაინც უარყოფენ. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სამართლიანობისათვის არა მხოლოდ ჩემი კოლეგისთვის, არამედ იმ 12 ქართველისთვის, რომლებიც მოედანზე დაიღუპნენ,“- განაცხადა იეროენ აკერმანმა.