საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობებზე ილაპარაკა. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე ”პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” სიტყვით გამოვიდა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლურ მისწრაფებასა და ქვეყნის როლზე დასავლური ღირებულებებისა და მსოფლიო მშვიდობის დასაცავად.
„საუკუნის წინ საქართველომ თავისი კურსი განუყოფლად დაუკავშირა დასავლეთს. ჩვენი კულტურა არის ევროპული, ძლიერი ამერიკული აქცენტით. ჩვენი პერსპექტივა არის დასავლური და ტრანსატლანტიკური. ჩვენი ეკონომიკა დღეს ყველაზე დინამიკურ ეკონომიკებს შორის არის რეგიონსა და ევროპაში. ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი დასავლური და ევროპული ღირებულებებისადმი არის მტკიცე და მდგრადი. ჩვენ ვამაყობთ ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრობით და ამ მიმართულებით ვიზრდებით. ამერიკის შეერთებული შტატები პირველებს შორის იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ამერიკა მხარს გვიჭერდა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ჩვენ ერთად შევქმენით სტრატეგიული პარტნიორობა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსაც შეხვდება.