20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე #2-ის ფინალური ეტაპი - სტრასბურგის მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდნენ

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, საქმე #2 ფინალურ ეტაპზეა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეები მასშტაბურ სახელმწიფოთაშორის დავაზე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდნენ.

10 წლის წინ აგვისტოს ომის დროს შეტანილ სარჩელზე საქართველოს სახელმწიფო ადვოკატმა დღეს შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა და ყველა მტკიცებულება კიდევ ერთხელ წარადგინა.

საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების რუსული ისკანდერით დაბომბვა ე.წ. ოქროს სამხილია, რომლითაც საქართველო რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევას ადასტურებს.

რაკეტის სერიული ნომერი - 9M723, რომელიც რაკეტის 3 სხვადსხვა ფრაგმენტზე აღმოჩნდა, არა მხოლოდ იმის მტკიცებულებაა, რომ გორის ცენტრში ნამდვილად ისკანდერი ჩამოვარდა, არამედ იმისაც, რომ საცხოვრებელი კორპუსები მხოლოდ რუსული არმიისთვის დამზადებული რაკეტით აფეთქდა და მისი სამიზნე სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

გორის ცენტრში მომხდარი აფეთქება კარგად ახსოვს ჰოლანდიელ ჟურნალისტს, იეროენ აკერმანს. რუსულ იერიშს მაშინ მისი ოპერატორი ემსხვერპლა. ჟურნალისტმა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დოკუმენტური ფილმიც მოამზადა.

ათობით ტომი დღეს ევროსასამართლოში რუსეთის ადვოკატებმა ჟურნალისტების და ტელეკამერების დასანახად მიიტანეს. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი და ადვოკატი, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან შეხება საერთოდ არ აქვთ და რომ ომში რუსეთი მხოლოდ სამშვიდობო სტატუსს ატარებდა,

4 საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის ადვოკატებმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს.

ქართული დელეგაცია კი სასამართლო სხდომას უკომპრომისო ბრძოლად აფასებს, სადაც სიმართლე საქართველოს მხარესაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები