საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას ამერიკის პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებების სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის წარმატებასა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"შეერთებული შტატებში ვიზიტის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ შეერთებულ შტატბსა და აქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის პლენარული სხდომა. სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მოვისმინეთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ნათელი და მკაფიო გზავნილები. აქ, მშვიდობის ინსტიტუტში ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენების, სენატორების, საქართველოს მეგობრების განცხადებები და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომლის დროსაც მან საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილებია! განსაკუთრებით იმ ფონზე, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს და უზომოდ მადლიერნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ს კონგრესმენმა, ედ როსიმაც, რომელმაც საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა, რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და ჩვენს ქვეყანას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
"მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არღვევს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ჩვენ გვესმის რომ მოსკოვის ქმედებები საქართველოში არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი და მეზობელი ქვეყნების კონტროლსა და დაშინებას ემსახურება. მოსკოვი ცდილობს საბჭოთა სტილის გავლენების დამკვიდრებას, მაგრამ ამერიკა არ არის ნეიტრალური, როდესაც მეგობარი ქვეყნები საფრთხეშია,"-განაცხადა აშშ-ს კონგრესმენმა, ედ როისმა.